logo
ENG



იუსტიცია: ​სტრასბურგისგან წერილი მიღებისას გორში გადაყვანა უკვე შეთავაზებული გვქონდა

23 ნოე 202115:42
3 წუთის საკითხავი
 
იუსტიცია: ​სტრასბურგისგან წერილი მიღებისას გორში გადაყვანა უკვე შეთავაზებული გვქონდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყებამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან წერილი მას შემდეგ მიიღო, რაც რატი ბრეგაძემ ბრიფინგი ჩაატარა და მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. 

"სტრასბურგის სასამართლოდან აღნიშნული წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი ჩაატარა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით სააკაშვილს (რომელიც არ ასრულებდა სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებულ მოწოდებას) გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა". - თქვა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა. 

მისივე თქმით, "სასამართლომ, აგრეთვე, დააზუსტა, რომ ორივე მხარის მიმართ დაკისრებული ღონისძიებები იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და უპირობო, რითაც მიანიშნა მომჩივანი, რომ შიმშილობის შეწყვეტისთვის რაიმე წინაპირობის დაწესება დაუშვებელი იყო".

ბექა ძამაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია, ხოლო საბოლოო ინფორმაცია გაეგზავნება დათქმულ ვადაში - 24 ნოემბრამდე.

სტრასბურგის სასამართლომ 19 ნოემბერს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რომლითაც სახელმწიფოს დაავალა, ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით ეხელმძღვანელა და მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში გადაეყვანათ. სწორედ ამ დღეს შესთავაზა იუსტიციის სამინისტრომ ყოფილ პრეზიდენტს მკურნალობის გორის ჰოსპიტალში გაგრძელება.

ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა მთავარ არხთან თქვა, რომ 19 ნოემბერს დილით, სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდეს, იმავე დღის საღამოს კი სტრასბურგიდან ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

მურადაშვილის თქმით, ამ დროს სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე მთავრობის შეთავაზებაზე თანხმობა და შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება გაცხადებული ჰქონდა.

ადვოკატის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ მხედველობაში მიიღო მიხეილ სააკაშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, სიტუაციის კრიტიკულობა და მიუთითა მას, რომ დაუყოვნებლივ შეეწყვიტა შიმშილობა,  მთავრობას კი დაავალა, ეხელმძღვანელა სახალხო დამცველის 17 ნოემბრის დასკვნით. სახალხო დამცველის 17 ნოემბრის დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა ესაჭიროებოდა.

10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა. ECHR-მა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ამასთან, მიუთითა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. 

სახალხო დამცველმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უნდობლობა უკვე გამოუცხადეს. 

საბჭოს წევრებმა 17 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადეს.

კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, ისინი ერთხმად შეჯერდნენ იმაზე, რომ გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფო "ცუდად აღჭურვილი არ არის", თუმცა, ის მაინც არ არის მზად იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავს პაციენტს უმკურნალოს. 

"პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­დებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - აღნიშნულია დასკვნაში.

აღსანიშნავია, რომ ოცნების წარმომადგენლები კონსილიუმის დასკვნას მიკერძოებულს უწოდებდნენ. პარტიის თავმჯდომარე ამბობდა, რომ დასკვნა "ფეიკია" და ომბუდსმენისა და ექიმების "პირდაპირ პასუხისმგებლობაზე" საუბრობდა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში სწორედ 19 ნოემბერს გადაიყვანეს. 


close დახურვა